Thursday, June 2, 2011

კავკასიონი

კავკასიონი — კავკასიის ყელის ირიბად გადამღობი თითქმის სწორხაზოვანი მთაგრეხილი (მთიანი სისტემა), რომელიც თავისი ბოლოებით — ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებია შეჭრილი, ერთი მხრივ, აზოვისა და შავ ზღვას შორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის. შედის საქართველოს და აზერბაიჯანის, რუსეთის (კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებისა და ადიღეს, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის რესპუბლიკების) ტერიტორიაში. კავკასიონი, როგორც მთათა სისტემა, ორ ნაწილად იყოფა: დიდი კავკასიონი და მცირე კავკასიონი
სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „kaukasos“, რომელსაც თავის მხრივ სავარაუდოდ ძველირანული („kapkah“ — დიდი მთა) ან ხეთური („kazkaz“ — ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. არსებობს აგრეთვე ბევრი სხვა ახსნა ტერმინისა, ძირითადად ადგილობრივ ენებზე. ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებდა „კავკასს“, „კავკასიას“. კავკასიონი ეწოდა XX საუკუნეში.


კავკასიონის ოროგრაფიულ ღერძს წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომელიც უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. ამ ქედის თხემით კავკასია იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ მაკროფერდობებად, რომელთაგან პირველი შედის მდინარეების ყუბანის, თერგის, სულაკისა და სამურის აუზებში, მეორე — ბზიფის, კოდორის, ენგურის, რიონის, მტკვრისა და მთელ რიგ მცირე მდინარეთა აუზებში. ორივე ფერდობი გართულებულია მეორე თანრიგის ქედებითა და ხეობებით, რომლებიც ღერძულ ზონაში ქმნიან მაღალმთიან, ხოლო პერიფერიულ ზონებში — საშუალმთიან რელიეფს. ჩრდილოეთ ფერდობის გასწვრივი ქედების: გვერდითი, კლდოვანი ანუ კირქვიანი, საძოვრებიანი და ტყიანი, რომლებიც მთავარი ქედის პარალელურია, აგრეთვე შავანის, კიდეგანის, ხევსურეთის, ანდის, ბოღოზის გარდიგარდმო ქედები; სამხრული კალთის — გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმისა და რაჭის გასწვრივი; ლიხის, ხარულის ალევის, ქართლისა და კახეთის გარდიგარდმო ქედები. კავკასიონის ოროგრაფიულ სიმეტრიას არღვევს ჩრდილოეთი ფერდობი, რომელიც განიერია კახეთ-დაღესტნის არეში. კავკასიონის მრავალი მწვერვალი მოდელირებულია ძველი ეროზიის, მყინვარული და პერიგლაციალური პროცესების მოქმედებით.

კავკასინზე გავრცელებულია ნაირგვარი გენეზისის რელიეფის ტიპები და ფორმები, ძირითადია: ეროზული რელიეფი ნაირ-ნაირი მორფოსტრუქტურების საფუძველზე, რომელიც გართულებულია ვულკანური, მყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული და სხვა გენეზისის ფორმებით. არის ეროზიულ რელიეფზე დადგმული ვულკანური პლატოები, კონუსები, ღარები. პელიგლაციალურ ფორმათა განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს ყელის ზეგანი. კარსტულ ფორმებს — პოლიეებს, ქვაბულებს, ძაბრებს, მღვიმეებს, შრატულ ზედაპირებს დიდი ფართობი უკავია დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე და ჩრდილოეთ ფერდობზე — ყარაჩაიდან დაღესტნამდე. კავკასიონის ბევრ რეგიონში წარმოქმნილია მინერალური წყაროების მიერ დალექილი ტრავერტინის დანაგროვები (თრუსო, სამხრეთი ოსეთი, ჯვრის უღელტეხილი). დაღესტანში და სხვაგან არის ხელოვნური ტერასები.
კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი ძირითადად აგებულია მეზოზოური ნალექი ქანებით. მათგან უმეტესი ფართობი იურულ ტერიგენულ წყებებს უჭირავს (შუაიურულში ფართოდაა გავრცელებული ვულკანოგენური პორფირიტული წყება, ხოლო ზედაიურულში — კარბონატული ფაციესი). ცარცული ნალექები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კარბონატული ფაციესისაა, უმთავრესად კავკასიონის ნაწილებსა და ბოლოებშია გავრცელებული. მეზოზოურის გარდა, ცენტრალურ კავკასიონზე (მდინარე ბელაიის სათავეებიდან მამისონის უღელტეხზილამდე) გაშიშვლებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანები (გრანიტოიდები, გნაისები, მეტამორფული ფიქლები), რომლებითაც აგებულია კავკასიონის ღეძული ზოლი და უმაღლესი მასივები. მთიანეთის შიგნით მდებარე ზოგიერთ ქვაბულში (შეფარდებითი დაძირვის არეებში) განვითარებულია პალეოგენური და ქვედანეოგენური ნალექი ქანები, იალბუზისა და ხევ-მთიულეთის რეგიონები, აგრეთვე მდინარეების რიონისა და არაგვის აუზთა ნაწილები გამოირჩევა ზედაპლიოცენურ-პლეისტოცენური და ჰოლოცენური ეფუზივების გავრცელებით. პლეისტოცენ-ჰოლოცენური ნაფენები არის მაღალმთიან ზოლში მორენების (რომლებიც აფხაზეთ-სვანეთის ზოგიერთ ხეობაში ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე და უფრო დაბლაც ჩამოდიან), ქვაბულების ფსკერისა და ტერასების ალუვიონის, ფრაგმენტულად განვითარებული ტბიური ნალექების, კარსტული მღვიმეების (მაგ., კუდაროსა და წონის) ბუნებრივი და კულტურილი ნაფენებისა და პერიგლაციალური რელიქტური ლოდნარების და სხვა სახით. კავკასიონი რთული ტექტონიკურიაგებულებისაა. მის სტრუქტურაში მონაწილეობენ სხვადასხვა ფორმის ნაოჭები, რღვევები, ნასხლეტშეცოცებანიუ. ამ უკანასკნელებთან დაკავშირებულია მინერალური წყლის მრავალი (განსაკუთრებით ხევში, სამხრეთ ოსეთში, ზემო რაჭასა და სვანეთში).