


კავკასინზე გავრცელებულია ნაირგვარი გენეზისის რელიეფის ტიპები და ფორმები, ძირითადია: ეროზული რელიეფი ნაირ-ნაირი მორფოსტრუქტურების საფუძველზე, რომელიც გართულებულია ვულკანური, მყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული და სხვა გენეზისის ფორმებით. არის ეროზიულ რელიეფზე დადგმული ვულკანური პლატოები, კონუსები, ღარები. პელიგლაციალურ ფორმათა განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს ყელის ზეგანი. კარსტულ ფორმებს — პოლიეებს, ქვაბულებს, ძაბრებს, მღვიმეებს, შრატულ ზედაპირებს დიდი ფართობი უკავია დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე და ჩრდილოეთ ფერდობზე — ყარაჩაიდან დაღესტნამდე. კავკასიონის ბევრ რეგიონში წარმოქმნილია მინერალური წყაროების მიერ დალექილი ტრავერტინის დანაგროვები (თრუსო, სამხრეთი ოსეთი, ჯვრის უღელტეხილი). დაღესტანში და სხვაგან არის ხელოვნური ტერასები.
კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი ძირითადად აგებულია მეზოზოური ნალექი ქანებით. მათგან უმეტესი ფართობი იურულ ტერიგენულ წყებებს უჭირავს (შუაიურულში ფართოდაა გავრცელებული ვულკანოგენური პორფირიტული წყება, ხოლო ზედაიურულში — კარბონატული ფაციესი). ცარცული ნალექები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კარბონატული ფაციესისაა, უმთავრესად კავკასიონის ნაწილებსა და ბოლოებშია გავრცელებული. მეზოზოურის გარდა, ცენტრალურ კავკასიონზე (მდინარე ბელაიის სათავეებიდან მამისონის უღელტეხზილამდე) გაშიშვლებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანები (გრანიტოიდები, გნაისები, მეტამორფული ფიქლები), რომლებითაც აგებულია კავკასიონის ღეძული ზოლი და უმაღლესი მასივები. მთიანეთის შიგნით მდებარე ზოგიერთ ქვაბულში (შეფარდებითი დაძირვის არეებში) განვითარებულია პალეოგენური და ქვედანეოგენური ნალექი ქანები, იალბუზისა და ხევ-მთიულეთის რეგიონები, აგრეთვე მდინარეების რიონისა და არაგვის აუზთა ნაწილები გამოირჩევა ზედაპლიოცენურ-პლეისტოცენური და ჰოლოცენური ეფუზივების გავრცელებით. პლეისტოცენ-ჰოლოცენური ნაფენები არის მაღალმთიან ზოლში მორენების (რომლებიც აფხაზეთ-სვანეთის ზოგიერთ ხეობაში ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე და უფრო დაბლაც ჩამოდიან), ქვაბულების ფსკერისა და ტერასების ალუვიონის, ფრაგმენტულად განვითარებული ტბიური ნალექების, კარსტული მღვიმეების (მაგ., კუდაროსა და წონის) ბუნებრივი და კულტურილი ნაფენებისა და პერიგლაციალური რელიქტური ლოდნარების და სხვა სახით. კავკასიონი რთული ტექტონიკურიაგებულებისაა. მის სტრუქტურაში მონაწილეობენ სხვადასხვა ფორმის ნაოჭები, რღვევები, ნასხლეტშეცოცებანიუ. ამ უკანასკნელებთან დაკავშირებულია მინერალური წყლის მრავალი (განსაკუთრებით ხევში, სამხრეთ ოსეთში, ზემო რაჭასა და სვანეთში).